Monday, 13 May 2013
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
პროექტის სახელი : საქართველო და მისი კუთხეები, როგორც მთელი და წილადი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მოიძიებენ მათ ფართობებს, განიხილავენ მათ, როგორც საქართველოს ნაწილებს და წარმოადგენენ წილადის სახით, შეადგენენ ყველა კუთხის რუკას, მათი გაერთიანებით ჩამოაყალიბებენ საკუთარ წარმოდგენას მთელზე და მის ნაწილებზე.
მოიძიებენ საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორულ სიმღერებს. გაავლებენ პარალელებს სიმღერასა და იმ კუთხის ხალხს შორის. გაეცნობიან მათ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. საკუთარი დაკვირვების შედეგად აღმოაჩენენ საერთოს და განსხვავებულს სხვადასხვა კუთხეებს შორის.
გაესაუბრებიან თავიანთ ახლობლებს, მეზობლებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები არიან. გაეცნობიან მათ კულინარიას და სუფრის ტრადიციებს. ისწავლიან ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარულს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად. ჯგუფებს ხელმძღვანელებად დავუნიშნე უფროსკლასელები, რამეთუ მათ აქვთ კომპიუტერულ პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობის მეტი გამოცდილება.
თითოეულ ჯგუფს დავალებული ჰქონდა სხვადასხვა კუთხის პრეზენტაციის მომზადება.
I ჯგუფი II ჯგუფი III ჯგუფი IV ჯგუფი
კახეთი ქვემო ქართლი სვანეთი გურია
მთიანეთი სამცხე-ჯავახეთი რაჭა-ლეჩხუმი აჭარა
შიდა ქართლი იმერეთი სამეგრელო აფხაზეთი
თბილისი
მოსწავლეებს თითოეული კუთხისთვის უნდა მოეძიებინათ ფართობი, წარმოედგინათ წილადის სახით საქართველოს ფართობთან მიმართებაში და აეგოთ დიაგრამა. ასევე, გაეკეთებინათ მოკლე მიმოხილვა ამ კუთხის შესახებ, წარმოეჩინათ მისი ფოლკლორი, ტრადიციები და ღირსშესანიშნაობები.
უფროსკლასელების დახმარებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინტერნეტში ინფორმაციები საქართველოს კუთხეების შესახებ, რომელი კუთხე რა ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა; კუთხეების ფართობების მიხედვით ააგეს დიაგრამები, შეადგინეს რუკები; გაეცნენ თითოეული კუთხის ფოლკლორულ მუსიკას და აღმოაჩინეს მსგავსება ფოლკლორსა და შესაბამისი კუთხის ხალხს შორის; პრეზენტაციას თან დაურთეს ყველა კუთხის შესაბამისი სიმღერა ან ცეკვა. ეს ყველაფერი უფროსკლასელთა დახმარებით წარმოადგინეს საერთო პრეზენტაციის სახით. მათი ჩართულობა ხელს უწყობს სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ურთიერთ-თანამშრომლობას. ამასთანავე ბავშვები გრძნობენ, რომ უფროსკლასელებიც ეხმარებიან და ზრუნავენ მათთვის, რათა მიიღონ უფრო მეტი ცოდნა და მიაღწიონ წარმატებებს.
მოსწავლეთა ასაკი : 10-11-12 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა : 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოძიებული ინფორმაციისა და უშუალო დაკვირვების შედეგად მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს მთელი და წილადი ნაწილების ერთიანობის შესახებ, დიაგრამის სახით ან მათ მიერ შექმნილი რუკებით გადმოსცემენ საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს - როგორც ერთი მთლიანობის შესახებ, განიმტკიცებენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებსა და პრეზენტაციის უნარს.
სარგებლობა სხვებისათვის: მოსწავლეები მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ მასალებს გამოფენენ სკოლის ბიბლიოთეკაში. სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის მოაწყობენ პრეზენტაციის ჩვენებას. თვითონაც და სხვა მოსწავლეებსაც გაუღვივებენ საქართველოს სიყვარულს. მიხვდებიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნა და ერთიანი საქართველოა. პროექტის გეგმასა და მოძიებულ მასალას განვათავსებ ჩემს ბლოგზე, http://kochiashvili.blogspot.com.
ბლოგის საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან ჩემი მოსწავლეების თვალით დანახულ საქართველოს, მის დღევანდელ პრობლემას, გაეცნობიან მათ მიერ შედგენილ დიაგრამებს და კიდევ ერთხელ გაითავისებენ მათ ნატვრას ერთიან საქართველოზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
• ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;
მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ნამცხვრის ნაჭრები);
საზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ამჟღავნებს რუკების ლეგენდის ცოდნას;
• ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;
• იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და სამხარეო ცენტრებს;
• არჩევს და იყენებს საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.
საზ. მეც.V-VI. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• კითხულობს და იყენებს გრაფიკებსა და ცხრილებში მოცემულ ინფორმაციას;
• ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას;
• ერთი ტიპის საშუალებით მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებს ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით;
• ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებით.
საზ. მეც.V-VI. 3. მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს სქემატური რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ავსებს საქართველოს კონტურულ რუკებს (რელიეფის ფორმები, ჰიდროგრაფიული ობიექტები, მხარეები და დასახლებები, ხუროთმოძღვრული ძეგლები);
• მშობლიური მხარის რუკის შედგენისას მასზე ასახავს აუცილებელ ელემენტებს - სათაური, ლეგენდა, სიმბოლოები, ჰორიზონტის მხარეები.
პროექტის ავტორი: თამარ ყოჩიაშვილი
პროექტის ავტორის ელ-ფოსტა: kochiashvili.123@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://kochiashvili.blogspot.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment